ა

არჩევითი საგანი-მითოლოგია

ერთმოდულიანი არჩევითი საგანი  - ფოლკლორი და მითოლოგია 

(არჩ. ფოლკ.)

1.    ზოგადი ნაწილი

ა) შესავალი
  ეროვნულ სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მიხედვით, ხალხური ზეპირსიტყიერება ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე, მწერლობასთან ინტეგრირებულად. ამდენად, მოსწავლეები იძენენ ხალხური ზეპირისტყვიერების გარკვეულ ცოდნას და წარმოდგენას ექმნებათ  ხალხური შემოქმედების სპეციფიკაზე.
ზეპირსიტყვიერებისა და მითოლოგიის კურსი ამ სფეროთი დაინტერესებულ მოსწავლეებს მისცემს ფოლკლორის სიღრმისეული შეცნობის საშუალებას.
 ზეპირისტყვიერების გარკვეულ ცოდნას და წარმოდგენას ექმნებათ  ხალხური შემოქმედების სპეციფიკაზე.
ზეპირსიტყვიერებისა და მითოლოგიის კურსი ამ სფეროთი დაინტერესებულ მოსწავლეებს მისცემს ფოლკლორის სიღრმისეული შეცნობის საშუალებას.

   ბ) ფოლკლორისა და მითოლოგიის სწავლების მიზნებ
       ფოლკლორისა და მითოლოგიის სწავლების მიზანია, მოსწავლე გაეცნოს სიტყვიერების საუკეთესო, კლასიკურ ნიმუშებს, წარმოდგენა შეექმნას მის მასშტაბზე და გაიაზროს ხალხური სიტყვიერება, როგორც თავისთავად შემოქმედება; გაეცნოს ქართულ მითოლოგიას, ზოგადად, მითოლოგიურ სიმბოლოებს და მითოლოგემებს, გაიაზროს მათი გენეზისი და შეძლოს პარალელების გავლება ქართულ და სხვა ხალხთა ზეპირსიტყვიერებას შორის.
შემდგომში, სასკოლო განათლების მიზნების შესაბამისად, მიღებული ცოდნა დაეხმარება მოსწავლეს, ხალხური შემოქმედების ფასეულობებთან ზიარებით გაფართოოს ზნეობრივ-ინტელექტუალური თვალსაწიერი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლის ჰარმონიული განვითარების პროცესს.  


გ) საგნის სწავლების ორგანიზება
საგნის - "ფოლკლორისა და მითოლოგიის” - არჩევა შეუძლიათ X/XI/XII კლასების მოსწავლეებს. საგანი გათვლილია 60 აკადემიურ საათზე. მის შესასწავლად სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურის დასრულება.
      
დ) ფოლკლორისა და მითოლოგიის სწავლების მიმართულებების აღწერა
ფოლკლორისა და მითოლოგიის არჩევით კურსში გამოიყოფა 4 ძირითადი მიმართულება:
1. ფოლკლორის სპეციფიკური ნიშნები და ლიტერატურა
2. ფოლკორული ჟანრები და ყოფა
3. ეროვნული და უნივერსალური ფოლკლორში
4. მითოსი და მითოლოგიური სიმბოლოები

 მიმართულება 1. ფოლკლორის სპეციფიკური ნიშნები და ლიტერატურა
ანალიტიკური და მისგან განუყოფელი სინთეტური აზროვნების უნარების გამოსამუშავებლად ნაყოფიერია ხალხური შემოქმედების სპეციფიური ნიშნების ანალიზი. თითოეული მათგანი (ანონიმურობა, გადაცემის ზეპირი ხასიათი, კოლექტიურობა, ვარიანტულობა) შეიძლება ლიტერატურულ ნაწარმოებსაც ახასიათებდეს, მაგრამ ხალხური სიტყვიერების სეციფიკას არა მხოლოდ მათი განუყოფელი ერთობლიობა ქმნის, არამედ თითოეული მათგანის ხასიათი. მაგალითისთვის, სხვაა ანონიმურობისა ან ვარიანტულობის თვისება ფოლკლორში და სხვაა ლიტარატურაში. ამ მოვლენის განზოგადებისათვის ცოდნის სხვადასხვა სფეროებიდან ბევრი მაგალითი შეიძლება იქნას მოხმობილი (მაგ., ორი ერთი და იმავე მინდვრის  ყვავილებისგან შეკრული, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული თაიგული).
პირველ ფუნდამენტურ განსხვავება ფოლკლორსა და ლიტერატურას შორის ქმნის თითოეული მათგანის არსებობის წესი: ფოლკლორი მოსასმენად არის შექმნილი, ლიტერატურა - წასაკითხად. ამ ვითარების სათანადო სიღრმით გააზრებით, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, უფრო მასშტაბურად გაიაზროს ეს განსხვავება: აღმოჩნდება, რომ განსხვავება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირად თქმით და მოსმენით. განსხვავება თითოეული მათგანის მენტალობაშია, რომელიც აპირობებს ტექსტის შექმნისა და მისი მოსმენის პროცესს. სავსებით წარმოსადგენია ავტორი, რომლის ნაწერს არავინ კითხულობს ან ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია ზეპირსიტყვიერი მთქმელი, რომლის შემოქმედებას არავინ ისმენს; წარმოუდგენელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მთქმელი და მსმენელი ორგანულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან.
ზეპირ და წერილობით შემოქმედებას შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავება არ შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერების (ფოლკლორისა და ლიტერატურის) სფეროთი. იგი მოიცავს ცივილიზაციის პრობლემებსაც, რომლებიც თავს იჩენს დამწერლობამდელი და დამწერლობის შემდგომი პერიოდების შეპირისპირების დროს. იმ ცოდნის საფუძველზე, რომელიც მოსწავლემ  ლიტერატურის შესავლის შედეგად შეიძინა, შეიძლება განისაზღვროს ფოლკლორისა და ლიტერატურის ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება ამა თუ იმ კულტურაში.
ფოლკლორისა და ლიტერატურის ურთიერთდამოკიდებულებ საკითხის შესწავლისას, ავთენტურ, სწორად მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლე ხედავს და იაზრებს, რომ ლიტერატურის წარმოშობის პირველ ეტაპზე ფოლკლორული ტექსტები უცვლელად, ავტომატურად ექცევა ლიტერატურის კატეგორიაში იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი (ფოლკლორული ტექსტები) ასო-ნიშნების (littera) საშუალებით არის ჩაწერილი და ამიერიდან მათი მსმენელი მკითხველად გარდაიქმნება.  რამდენადაც ქართულ სინამდვილეში ჩვენს თვალსაწიერზე ასეთ პროცეს არ ვიცნობთ, შეგვიძლია მოსწავლეს მივაწოდოთ დამადასტურებელი მასალა სხვა ხალხების (მაგ., შუმერების) ხალხური სიტყვიერებიდან, სადაც ეს პროცესი მეტად თვალსაჩინოა.           
მეორე ეტაპზე ფოლკლორული ტექსტები გადამუშავებული სახით ფიქსირდება დამწერლობით და იქცევა ლიტერატურის ფაქტად. წერილობითი სიტყვიერება თანდათან ემიჯნება ზეპირსიტყვიერებას, რომელიც, ამისდა მიუხედავად,  განაგრძობს არსებობას. აქ ისახება კიდევ ერთი პრობლება: ცვლილებები, რომლებიც მოელის ზეპირსიტყვიერ კულტურას დ მის ჟანრებს ლიტერატურისა და, ზოგადად, დამწერლობის არსებობის პირობებში.
 ეს ორი, ერთმანეთის საპირისპირო პროცესი გასდევს დასაბამიდან ყველა ხალხის სიტყვიერების ისტორიას. ესაა დინამიური, ურთიერთმონაცვლე პროცესი, რომლის  გათვალისწინების გარეშე  სიტყვიერების (ფოლკლორისა და ლიტერატურის) ისტორია სტატიკურ, ერთმანეთთან დაუკავშირებელი პროცესების შთაბეჭდილებას დატოვებს მოსწავლეზე და მცდარ წარმოდგენას შეუქმნის მას ფოლკლორისა და ლიტერატურის ბუნების შესახებ. ჩვენი ამოცანაა, მოსწავლემ არსობრივად გაისიგრძეგანოს ეს პრობლემა, რაც მას საშუალებას მისცემს, არა მარტო განიხილოს ფოლკლორი და ლიტერატურა ერთიან პროცესად, არამედ გაიაზროს თითოეული მათგანის (ლიტერატურისა და ფოლკორის) სპეციფიკა.   
     ყურადღება ექცევა უკუპროცესს, როცა ხდება ლიტერატურული ნაწარმოების ზეპირსიტყვიერ ტექსტად ქცევა, ანუ მისი ფოლკორიზაცია, რაც უხვად დასტურდება ქართულ სინამდვილეში. მოსწავლეს ეძლევა საშუალება, მოახდინოს ლიტერატურული ნაწარმოებისა (მაგ., ვეფხისტყაოსნის) და მისი ხალხური გარდათქმების (ხალხური ტარიელიანების სახით) შედარებითი ანალიზი. აქ "ორ კურდღელს ვიჭერთ": შეგვიძლია გავაანალიზოთ ეს ორი ტექსტი  ესთეტიკურ-იდეოლოგიურ განსხვავებების კუთხით (და ვრჩებით წმიდა ლიტერატურის სფეროში), ან დავაკვირდეთ ლიტერატურული ნაწარმოების ავტორისა და მისი გამხალხურებელი კოლექტიური ავტორის მენტალობებს შორის არსებულ განსხვავებებს  (და გავდივართ კულტურის ანთროპოლოგიის სფეროში). 



მიმართულება 2. ფოლკორული ჟანრები და ყოფა.
რამდენადაც ფოლკლორული შემოქმედება ადამიანური ყოფის ყველა სფეროს მოიცავს, ჟანრის პრობლემა სწორედ ამ კუთხით უნდა იქნას გაშუქებული.
ფოლკლორის ჟანრულ განფენილობაზე საუბრისას არ არის საკმარისი ცალკეულ ტექსტთა პოეტიკური ანალიზი. ჟანრული წყობა უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ადამიანური ყოფის (შობა, შრომა, ბრძოლა, ლხინი, გარდაცვალება...) უკუფენა სიტყვიერ შემოქმედებაში. ამავე დროს, ფოლკლორის ჟანრული შედგენილობა აირეკლავს არა მხოლოდ საზოგადოების ყოფის, არამედ ხალხური მენტალობის სტრუქტურასაც. ამრიგად, ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სწავლებით სკოლაში შესაძლებელია რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტა. ფოლკლორისტიკა გვესახება, როგორც კულტუროლოგიური დისციპლინა, რომლის საფუძვლების მიწოდება სკოლაში ფოლკლორული ტექსტების მეშვეობითაა შესაძლებელი.


მიმართულება 3. ეროვნული და უნივერსალური ფოლკლორში

ფოლკორული შემოქმედება ღრმად ეროვნულია და, იმავდროულად, უნივერსალურიც, მაგრამ ეროვნული და უნივერსალური  იმდენად მტკიცედაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ ძნელი ხდება მათი გამოცალკევება. ფოლკორული ტექსტების ანალიზი მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ნათლად დაინახოს უნივერსალურისა და ეროვნულის თანაშეფარდება, თუმცა  ეს მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედარებითი ანალიზისთვის მოვიხმობთ სხვა ხალხების შესაბამის ფოკლორულ ნიმუშებს. მოსწავლეს საშუალება მიეცემა, მსოფლიო ფოლკლორული შემოქმედების (მემკვიდრეობის) კონტექსტში გაიაზროს ქართული ფოლკორული ტექსტები, რაც აარიდებს მას ვიწრონაციონალურ მიდგომებს.  უნდა გამოჩნდეს, რომ ამ პრობლემას უფრო ზოგადკულტურული ღირებულება აქვს, რადგანაც ყოველი კულტურა თავის თავში შეიცავს ლოკალურს და უნივერსალურს. სხვა სიტყვებით,  უნივერსალური ლოკალური ფორმებით და რეალიებით გამოიხატება, ანუ უნივერსალური ეროვნულის ჭურჭელია.


მიმართულება 4. მითოსი და მითოლოგიური სიმბოლოები
პროგრამაში მითოლოგიის ადგილი განსაკუთრებულია. მითოსი ყოველთვის იწვევდა და იწვევს საყოველთაო დაინტერესებას, მაგრამ მასზე წარმოდგენა საკმაოდ ბუნდოვანია, ზოგჯერ - გაუმართლებლად ნეგატიური.  მოსწავლეთათვის, რომლებიც ირჩევენ საგანს ”ფოლკლორი და მითოლოგია”, უკვე ნაცნობია მითოლოგიური გადმოცემები, ძირითადად, ელინური მითების სახით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მითოლოგიური ტექსტი საუკეთესო მასალაა საანალიზოდ, რადგანაც მითოსის საშენი მასალა - სიმბოლოები თუ მითოლოგემები შეიცავენ ფარულ აზრს, რომელიც გამოაშკარავებას მოითხოვს. ამასთან, მითოლოგიის ცოდნა უნდა გამდიდრდეს არაკლასიკური (ე. წ. პრიმიტიულ, უდამწერლობო ხალხთა) მითებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უფრო პასუხობენ მითოსისადმი, როგორც მსოფლმხედველობითი "ჟანრისადმი", წაყენებულ მოთხოვნებს, ვიდრე კლასიკური მითები. ამ  საგნის ფარგლებში მოსწავლეს პირველად ეძლევა საშუალება, გაეცნოს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანდრეზებს, რომელთა სიუჟეტები და მითოლოგემები უნივერსალურისა და ლოკალურის ურთიერთშეთავსების საუკეთესო ილუსტრაციაა.
არჩევითი საგნის ამოცანაა, მოსწავლეს მიეწოდოს მითოლოგიური სიმბოლოები (მითოლოგემები) მათ სისტემურ ერთიანობაში, სიღრმისეულად; იმის გათვალისწინებით, რომ მათი საშუალებით ყოველი კულტურა ლაპარაკობს თავის თავზე. მოსწავლემ უნდა გაიაზროს სიმბოლოები, როგორც ყოველი კულტურის უნივერსალურ-ლოკალური ენა, თითოეული სიმბოლოს მრავალსემანტიკურობა. მათ შორის არსებული ზედაპირული და ფარული კავშირები საუკეთესო ნიადაგია ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. მოსწავლეს უნდა შეეძლოს  ჭეშმარიტი ტრადიციული სიმბოლოების გარჩევა ხელოვნურად შექმნილი ფსევდო-სიმბოლოებისგან, რომელიც იწყება მის ავტორთან და იქვე მთავრდება. მითოლოგიურ და არა მხოლოდ მითოლოგიურ ტექსტებში სიმბოლოების ამოცნობა და მათი ურთიერთკავშირის დადგენა საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეში ტრანსფერული უნარების გამოსამუშავებლად.





1.    საგნობრივი კომპეტენციები

X  კლასი"ფოლკლორი და მითოლოგია"
სტანდარტი


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
                                                               მიმართულება
ფოლკლორი და ლიტერატურა
ფოლკლორის ჟანრები
ეროვნული და უნივერსალური ფოლკლორში
მითოსი და მითოლოგიური სიმბოლოები
არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 1. მოსწავლეს შეუძლია ფოლკლო-რის სპეციფი-კის გააზრება;  შედარე-ბითი ანალიზის საფუ-ძველზე ფოლკლო-რულ და  და ლიტერა-ტურულ ტექსტებს  შორის მსგავსება-განსხვავების გამოვლენა და მათზე მსჯელობა.

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 2. მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორული ტექსტების  დამოუკიდებლად მოძიება/მოპოვება.
არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 3. მოსწავლე ფლობს ფოლკლორული მასალის ჩაწერის მეთოდოლოგიას.
არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 4. მოსწავლეს შეუძლია მოხსენების / სასწავლო რეფერატის დაწერა დამოუკიდებლად მოძიებული მასალის შესახებ.
არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტების გაანალიზება მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 6. მოსწავლეს შეუძლია ტრადიციული სტრუქტურის სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტებისს შეთხზვა შერჩეული  მოდელის მიხედვით.

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 7. მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ ტექსტებში ეროვნული და უნივერსალური მოტივების / სიუჟეტების ამოცნობა, ქართული ფოლკლორის ნიმუშების გააზრება მსოფლიოს ფოლკლორული შემოქმედების კონტექსტში.



არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 8.
მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტექსტებში მითოლოგიური სიმბოლოების ამოცნობა და მათი ფუნქციის გააზრება. 

არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 9.
მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით მითოსის შეთხზვა მოცემული მოდელის მიხედვით.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ფოლკლორი და ლიტერატურა


არჩ. ფოლკ. X   
1. მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორის სპეციფიკის გააზრება;  შედარებითი ანალიზის საფუძველზე ფოლკლორულ  და ლიტერატურულ ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავების გამოვლენა და მათზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკურ ნიშნებზე (ანონიმურობაზე, გადაცემის ზეპირ ხასიათზე, კოლექტიურობაზე, ვარიანტულობაზე);
·         მსჯელობს ფოლკლორისა და ლიტერატურის ურთიერთდამოკიდებულებაზე; განსაზღვრავს მათი ურთიერთობის ტიპებს;
  • მსჯელობს დამწერლობის სასიკეთო და საზიანო მხარეებზე ზეპირსიტყვიერებასთან დაკავშირებით;
  • გაიაზრებს ფოლკლორისა და ლიტერატურის განსხვავებულ მენტალობას, რომელსაც ტექსტის შექმნისა და მისი მოსმენის პროცესი განაპირობებს (მაგ., სავსებით წარმოსადგენია ავტორი, რომლის ნაწერს არავინ კითხულობს /  ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ სრულად წარმოუდგენელია ზეპირსიტყვიერი მთქმელი, რომლის შემოქმედებას არავინ ისმენს);
  • მსჯელობს მსმენელისა და მკითხველის ფენომენზე ფოლკლორულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებში, გამოკვეთს განსხვავებას მათ შორის;
  • ამოიცნობს ლიტერატურულ ნაწარმოებში ფოლკლორულ (საზღაპრო) და მითოლოგიურ სტრუქტურებს (მაგ., "ვეფხისტყაოსანში"), განსაზღვრავს მათს ფუნქციას ნაწარმოების მიზანდასახულების გათვალისწინებით.


არჩ. ფოლკ. X
 2. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს/მოიპოვოს ფოლკლორული ტექსტები და წარმოადგინოს აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ბეჭდვით და ელექტრონულ საშუალებებზე  დაყრდნობით დამოუკიდებლად მოიძიებს  საკუთარი ქვეყნის, სოფლის, მხარის ფოლკლორულ ნიმუშებს;
·         გამოარჩევს საკუთარი ქვეყნის, სოფლის, მხარის ფოლკლორული ნაწარმოებებიდან  ამა თუ იმ ნიშნით პრიორიტეტულ ნიმუშს / ნიმუშებს;
·         წარმოადგენს შერჩეულ ფოლკლორულ ნიმუშს/ ნიმუშებს აუდიტორიის წინაშე, გამოსვლისას სათანადო ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ტექსტში ასახულ განწყობას, ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს, სხეულის ენას (მიმიკას, ჟესტიკულაციას).


არჩ. ფოლკ. X
 3. მოსწავლე ფლობს ფოლკლორული მასალის ჩაწერის მეთოდოლოგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს ფოლკლორული მასალის ჩაწერის მეთოდოლოგიას / დადგენილ წესებს;
·         დამოუკიდებლად მოიპოვებს ფოლკლორულ მასალას და ჩაიწერს მას დადგენილი წესების მიხედვით;
·         ახარისხებს / აჯგუფებს მასალას ამა თუ იმ ნიშნის (მაგ., თემატიკის, მთქმელების ასაკის, სქესის, სხვ.) მიხედვით;
·         წერს ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს.


არჩ. ფოლკ. X
 4. მოსწავლეს შეუძლია მოხსენების / სასწავლო რეფერატის დაწერა დამოუკიდებლად მოძიებული მასალის შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამზადებს  მოხსენებას / სასწავლო რეფერატს  დამოუკიდებლად მოძიებული ფოლკლორის ნიმუშის/ნიმუშების (ზღაპრის, ლექსის, ლეგენდის, თქმულების, ანდაზების...) შესახებ;
·         ადგენს მოხსენების / სასწავლო რეფერატის გეგმას;
·         მოხსენებაზე / სასწავლო რეფერატზე მუშაობისას მოიძიებს და დაამუშავებს დამატებით მასალას; ამისთვის მიზნობრივად იყენებს სხვადასხვა რესურსსა და წყაროს (ბეჭდურ და ელექტრონულ საშუალებებს, მათ შორის საინფორმაციო-საცნობარო ხასიათისას, სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურას და სხვ.); მათი შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნები, გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს;
·         წერს ტექსტის პირველ ვარიანტს; ყურადღებას ამახვილებს ნაწერის როგორც შინაარსობრივ მხარეზე, ისე ენობრივ-სტილურ ელემენტებზე; 
·         დამოუკიდებლად (ან მასწავლებლის დახმარებით) დაამუშავებს მოხსენების / სასწავლო რეფერატის საბოლოო რედაქციას; გამართავს ნაწერს ქართული ენის სალიტერატურო ნორმების მიხედვით;
·        წარმოადგენს თავის ნაშრომს აუდიტორიის (თანაკლასელების, თანასკოლელების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ფოლკორული კონფერენციისა და სხვ.) წინაშე; კორექტულად იცავს მოხსენებაში / სასწავლო რეფერატში გამოთქმულ დებულებებს, საკუთარ თვალსაზრისს.


მიმართულება: ფოლკლორის ჟანრები

არჩ. ფოლკ. X
 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტების გაანალიზება მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ფოლკლორულ ჟანრებს (ზღაპარს, პოეტურ ეპოსს, პროზაულ ეპოსს, ლექსს...) მათი სპეციფიკური ნიშნების მიხედვით, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
·           გაიაზრებს ფოლკლორული ჟანრების სიღრმისეულ კავშირს ყოფასთან და მსჯელობს მასზე;
·           ერთმანეთს უდარებს ფოლკლორულ და ლიტერატურულ ჟანრებს და მსჯელობს მათ შორის მსგავსებასა და პრინციპულ განსხვავებებზე;
·           ერთმანეთს უდარებს ერთი და იმავე თემის და/ან იდეის შემცველ ფოლკლორულ ნაწარმოებებს, გამოავლენს მათ შორის მსგავსება-განსხვავებას მიზანდასახულებისა და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით;
·           ერთმანეთისგან განასხვავებს ზღაპრის, საგმირო ლექსისა და ეპოსის გმირების ხასიათს;
·           მონაწილეობას ღებულობს რომელიმე ფოლკლორული ნაწარმოების   (მაგ., "შიოლა და მთრეხელის") შესახებ გამართულ დისკუსიაში და იცავს რომელიმე პერსონაჟის (მაგ., შიოლას, მთრეხელის) პოზიციას;
·           მსჯელობს სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ნაწარმოების (საგმირო ბალადის, ეპოსის...) კომპოზიციურ თავისებურებებზე მათი სტრუქტურული ელემენტების გათვალისწინებით; 
·           ამოიცნობს ნაწარმოების მთავარ იდეას;
·           ახდენს იდენტიფიკაციას ნაწარმოების მთავარ იდეასა და მთავარ გმირს შორის;
·           აკვირდება მთქმელის ჩანართებს და მათი საშუალებით ამოიცნობს მის  დამოკიდებულებას ტექსტში აღწერილი მოვლენების მიმართ;
·           დაადგენს  ხალხის ფასეულობათა სისტემასხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული (მაგ. საგმირო სიმღერა-ბალადა, სატრფიალო ბალადა, ხმით ნატირალი, ეპოსი) ტექსტების საფუძველზე;
·           მსჯელობს ტრადიციისა და იმპროვიზაციის წილის შესახებ სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორულ ნაწარმოებებში (მაგ., ხმით ნატირლებში).


არჩ. ფოლკ. X


 6. მოსწავლეს შეუძლია ტრადიციული სტრუქტურის სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტების შეთხზვა შერჩეული მოდელის მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს ტრადიციული სტრუქტურის ფოლკლორულ ტექსტს (მაგ. ზღაპარს, ხმით ნატირალს, ლეგენდას.) შერჩეული მოდელის მიხედვით;
·         იცავს კონკრეტული ჟანრის კომპოზიციურ თავისებურებას;
·         იყენებს ამ მოდელის ადეკვატურ ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს;
·         ტექსტის შეთხზვისას იყენებს პირად და/ან ლიტერატურულ გამოცდილებას.

მიმართულება: ეროვნული და უნივერსალური ფოლკლორში

არჩ. ფოლკ. X
7. მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ ტექსტებში ეროვნული და უნივერსალური მოტივების / სიუჟეტების ამოცნობა, ქართული ფოლკლორის ნიმუშების გააზრება მსოფლიოს ფოლკლორული შემოქმედების კონტექსტში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და მსჯელობს სხვადასხვა ჟანრის ქართული და არაქართული ფოლკლორული ნაწარმოებების მოტივებზე; შედარებითი ანალიზის საფუძველზე ადგენს მათ შორის მსგავსება-განსხვავებას;
·           ამოიცნობს ფოლკლორული შემოქმედების ყოველ ჟანრში ეროვნულისა და უნივერსალურის წილს მოტივების სახით; მსჯელობს მათს მიმართებასა და თანაშეფარდებაზე;
·           მსჯელობს ეროვნულისა და უნივერსალურის წილის თაობაზე ფოლკლორში კონკრეტული ტექსტებისა და თემების მოხმობით და მათ საფუძველზე;
·           აკვირდება სიუჟეტის განვითარებას სხვადასხვა ჟანრის ქართულ და არაქართულ ფოლკლორულ ტექსტებში; ერთმანეთს უდარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ქართულ და არაქართულ მითოლოგიურ სიუჟეტებს; შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად ადგენს და იყენებს სიუჟეტურ სქემებს;
·           გაიაზრებს საერთო მოტივებისა და სიუჟეტების მოარულობის მასშტაბს და მსჯელობს საერთო მოტივებისა და მოარული სიუჟტების გავრცელების გზების შესახებ;
·           ადარებს და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებს.

მიმართულება: მითოსი და მითოლოგიური სიმბოლოები

არჩ. ფოლკ. X
 8. მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტექსტებში მითოლოგიური სიმბოლოების ამოცნობა და მათი ფუნქციის გააზრება .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტექსტებში მითოლოგიურ სიმბოლოებს და გაიაზრებს მათ, როგორც ყოველი კულტურის უნივერსალურ-ლოკალურ ენას;
·           განსაზღვრავს მითოლოგიური სიმბოლოების (მითოლოგემების) ფუნქციას, გაიაზრებს მათს მრავალსემანტიკურობას;
·           გაიაზრებს მითოლოგიურ სიმბოლოებს (მითოლოგემებს) სისტემურ ერთიანობაში;
·           ამოიცნობს და აანალიზებს ფოლკლორულ ტექსტებში უნივერსალურ და ლოკალურ მითოლოგემებსა და სიუჟეტებს (მაგ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანდრეზების მასალაზე დაყრდნობით);
·           განასხვავებს ჭეშმარიტ ტრადიციულ სიმბოლოებს ხელოვნურად შექმნილი ფსევდო-სიმბოლოებისგან.


არჩ. ფოლკ. X
. 9. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით მითოსის შეთხზვა მოცემული მოდელის მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მითოლოგიური აზროვნების ელემენტებს თანამედროვეობაში (აზროვნებაში, ყოფაში თუ პოლიტიკაში);
·           რაიმე მოვლენის/ფაქტის ასახსნელად თხზავს მითს მოცემული მოდელის მიხედვით; მითის შეთხზვისას  იყენებს მოცემული მოდელის ადეკვატურ ენობრივ-გამომსახველობით და მხატვრულ საშუალებებს, სიუჟეტურ სქემას, მითოლოგემებს. 


პროგრამის შინაარსი
თეორიული ნაწილი უნდა მოიცავდეს ფოკლორის ცნების გნსაზღვრებას მისი სპეციფიკური ნიშნების ანალიზის საფუძველზე; ფოლკლორის, როგორც სმენითი რიგის შემოქმედების, დახასიათებას, მის ფუნდამენტურ განსხვავებას კითხვითი კულტურის შემოქმედებისგან, რასაც ეფუძნება განსხვავება ზეპირსიტყვიერებასა და მწერლობას შორის; ორმხრივ ურთიერთობას ფოლკლორსა და ლიტერატურას შორის; მითოსის ადგილს ფოლკლორსა და ლიტერატურაში, სიმბოლოების მნიშვნელობას მითოსში, ლიტერატურასა და ყოფაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში;  ფოლკლორული ტექსტების ჩაწერის წესებს და სხვა.
სავალდებულო ტექსტები, რომლებიც, ერთი მხრივ, კარგად წარმოგვიდგენენ ჟანრობრივად ფოლკორის საუკეთესო ნიმუშებს, მეორე მხრივ, იძლევიან საუკეთესო მასალას ანალიზისთვის.
თემატური გეგმა მითოლოგიაში



1.             ფოლკლორის სპეციფიკური ნიშნები და ლიტერატურა;
2.             ფოლკორული ჟანრები და ყოფა
3.             ეროვნული და უნივერსალური ფოლკლორში;
4.             ჯადოსნური ზღაპარი, მისი სტრუქტურა, ესქატოლოგიური                 დასასრული, მთავარი გმირის ხასიათი;
5.             ფასეულობათა (ღირებულებითი) სამყარო; 
6.             ცხოველთა ზღაპარი, მისი საზრისი, მისი განსხვავება                         ცხოველთა იგავებისგან; 
7.             ზღაპარი, როგორც საერთაშორისო მოვლენა. 
8.              ცნობები სიუჟეტთა ინდექსის შესახებ. 
9.             რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ზღაპარი შერჩევით.
10.        საყოფიერო ნოველა.
11.        რა არის  მითოსი.
12.        მითოლოგია;
13.         მითოსი და მითოლოგიური სიმბოლოები
14.        მსოფლიო მითოლოგია;
15.        ქართული მითოლოგია;
16.        მითები საქართველოს შექმნაზე;
17.        კერპები;
18.         ღვთისშვილები;
19.        დევები;
20.        ღვთისშვილთა და დევების ბრძოლები;
21.        იასხარი;
22.        კოპალა;
23.        ნადირობის ღმერთები;
24.         ჯვარ-ხატთა დაარსების ანდრეზები
25.        მითები წმ. გიორგიზე (ილორის, ხანის და სხვა).  
26.        აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანდრეზები                                     ("იფნი კერიაში", "მტრედი - ეკლესიის მაშენებელი";
27.        შემაჯემებელი გაკვეთილი № 1
28.         ეპოსი
29.        ამირანიანი;
30.        კავკასიური ეპიური თქმულებები გაბუდაყებული და                                                       მიჯაჭვული (ან დასჯილი) გმირის შესახებ
31.         (აფხაზური, ჩერქეზული, ყაბარდოული, ოსური); 
32.        მიმართება პრომეთევსის მითოსთან.
33.           ეთერიანი, სატრფიალო ეპოსი
34.        მისი კავშირი ზღაპართან;
35.             "არსენას ლექსი", როგორც ეპიური შემოქმედების უკანასკნელი ნაყოფი (მისი სამი პლანი: ისტორიული, მითოლოგიური, ექსისტენციალური);
36.           სამონადირეო ეპოსი (დაღუპული მონადირის ციკლი);
37.            შრომის პოეზია;
38.              საგმირო პოეზია;
39.        ბალადები;
40.        "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა";
41.         "ფხოველი და შავანელი";
42.         "შიოლა და მთრეხელი", 
43.        "ივანეური", "ბაღათერა", 
44.        "ჩავალის, ჩაეუბნება", 
45.        "შემომეყარა ყივჩაღი"; 
46.        ლექსები და მაქსიმები "კაი ყმაზე";
47.         სატრფიალო ბალადები;
48.        "თავფარავნელი ჭაბუკი" და მისი ვარიანტები;
49.         საერთაშორისო პარალელები
50.        ლირიკა: "ხვარამზეს ლექსები"; 
51.         სამგლოვიარო პოეზია;
52.         კანონიკური "დალაი" (თუშური);
53.         ხმით ნატირლები "შარმანაულო, შევარდენო
54.        ტრადიცია და იმპროვიზაცია;
55.        ანდაზები (შერჩევით ყველა სფეროდან);
56.         მათი მნიშვნელობა და საზრისი; 
57.           გაშაირება;
58.         კაფია;
59.         ხალხური იუმორი.
60.        შემაჯამებელი გაკვეთილი




ფოლკლორი (ინგლ. Folklore - ხალხის სიბრძნე) - ის წესჩვეულებები, სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებები, ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები, ზეპირი გადმოცემები, ხუმრობები და მითები რომლებიც ამა თუ იმ სოფლის, თემის, მხარის მცხოვრებთა შორის არის დამკვიდრებული და თაობებს გადაეცემა ზეპირი წყაროებით. ქართული ფოლკლორი ძალიან მდიდარია, განსაკუთრებით მუსიკალური ფოლკლორი, მითოლოგია, სარიტუალო ცეკვები, ხალხური რეწვა.


ხალხის პირად სიტყვიერების ნაწარმოები ეწოდება ისეთ თხზულებებს, რომელნიც ძველ წინაპართა დროიდან მკვიდრს ისტორილ ქვეყანაში სოფლად მცხოვრებელ გლეხობაში ერთის თაობიდგან მეორის თაობაში გადადის ზეპირად და არა წერით. ამ ნაწარმოებში გამოისახება ხალხის ყოველივე სულიერი მხარე: სარწმუნოებითი, ზნეობითი და გონებითი. ხელოვნებითის მწერლობისაგან იგი განირჩევა მით, რომ ხელოვნების ნაწერში გამოხატება თვით მწერლის მხედველობა, თვით მწერლის საკუთარი სულის მდგომარეობა, იმისი წადილი, აზრი. ხელოვნებითი პოეტი რასაც ხედავს ცხოვრებაში, თავისებურად ჰსახავს. ცხოვრების გამოხატვა მწერლებისაგან იმგვარია, როგორც ერთის კაცის გამოხატული ცხოვრება. სახალხო ზეპირსიტყვიერ ნაწარმოებში კი ცხოვრების ასახვა ერთის კაცისა არ არის, იმაში იხატება ცხოვრება სრულებით ისე, როგორც მთელი ხალხი ხედავს, და როგორც ამ ხალხის ყველა კაცი ხედავს. ამიტომაც თითეულ ხალხს უყვარს თავისი პოეზია. ამიტომაც ერთი თაობა ძვირფას განძსავით ინახავს, როგორც წინაპართა კუთვნილებას და ვალად რაცხს გარდასცეს მომავალ ჩამომავლობას. ამგვარად გადადის მთელი ათასის წლების განმავლობაში, რასაკვირველია, რამდენსამე ცვლილებით, ეს სოფლის სიმღერები, ლექსები, ზღაპრები, ანდაზები, გამოცანები, და სხვანი და სხვანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მზე - თქვენთვის

მზე - თქვენთვის